რობერტ მესხის წიგნის პრეზენტაცია სამებაში

24.11.2009 09:01

 

 

პოეზია ამოუცნობი და ამოუხსენლი ფენომენია, რაც არ უნდა კარგად იცნობდე პოეტს, მის პოეზიას, დღედაღამ იკითხო მისი ლექსები, მაინც მიუწვდომელი რჩება, მგონი პოეტის სიდიადეც ამაში გამოიხატება. რობერტ მესხის პოეტური სული ის უსასრულო სამყაროა, გრძნობების სამყარო, რომელიც უამრავ ემოციებს იტევს და რომელიც მარგალიტებად იფანტება მის ლექსებში. სიმბოლური იყო სწორედ, რომ მისი წიგნის პრეზენტაცია სამების საკათედრო ტაძარში, ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა... იყო თბილი სიტყვები, გამოსვლები, შეფასებები... ლექსების ზღვა და ტიტები...

ერთმა პოეტური სულის მეცნიერმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო: ,,პოეზიაზე საუბარი უმადურობაა, რადგან ის უნდა წაიკითხო და იგრძნო!’’ ხშირად ავტორისგან ვისმენ ლექსებს, ინტონაციებში ვგრძნობ თითეულ გრძნობას, ემოციას, რომლითაც ის დაიწერა, მიჭირს გამოხატვა და შემდეგი სიტყვებით შემოვიფარგლები: მშვენიერია, კარგია, ბრწყინვალეა... მაგრამ მთელი დღის გასვლის შემდეგ, ჩვეულებრივ ყოფა-ცხოვრებას თავს რომ ვაღწევ და მარტო ვრჩები ჩემს ფიქრებთან, სწორედ მაშინ ამოტივტივდება ყოველი სიტყვა, ჯერ ფიქრებად, მერე როთმებად და ვხვდები, რომ პოეზია ის საგანძურია, რომელშიც საკუთარი სულის ძახილის პოვნა შეიძლება... რობერტ მესხის პოეზია მართლაც რომ უდიდესი აღმოჩენაა XXI საუკუნის ქართულ სალიტერატურო სივრცეში... სიცოცხლე, სიკვდილი, სიყვარული, სიძულვილი, სიხარული, ტკივილი, ღმერთის რწმენა, სინანული, მონატრება, იმედი -- ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაც ჩანს მის ლექსებში.

,,ვიგრძენი შენი შემოხედვა,

ნეკერჩხალივით ატკაცუნდა ყელზე გიშერი,-

ნუ დამატყვევებ,

მე ისედაც მიჭერს ხუნდები.

ნუ მომწყვეტ ზეცას,

ნურასოდეს ნუ მომწყვეტ ზეცას,

თორემ ნოემბრის ფოთოლივით

გაგიხუნდები!’’

გარდა იმისა რომ ამ ლექსში მართლაც მშვენიერი და ლამაზი სახეებია, პოეტის ზეცასთან კავშირზე საუბარიც უსასრულოდ შეიძლება, მაგრამ მინდა ავღნიშნო ის ემოცია და ფიქრები, რომელიც ამ ლექსმა ჩემში, როგორც ჩვეულებრივ მკითხველში, აღძრა: განა აქ ადამიანის სულის თავისუფლებაზე არ არის საუბარი?

მე მიყვარს რობერტ მესხის ლექსები, იმიტომ რომ საოცრად ჩემეულია, გულშიჩამწვდომი...

 

ლელა მირცხულავა